თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დამსახურებულ მეცნიერს, აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს 8 მარტი მიულოცეს.
ეთერ ქემერტელიძე საქართველოში ფიტოქიმიისა და ფარმაკოქიმიის დარგების ერთ-ერთ ფუძემდებლადაა აღიარებული. იგი მრავალი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომისა და კვლევის ავტორია. მისი სამეცნიერო საქმიანობა ძირითადად დაკავშირებულია მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შესწავლასთან. აკადემიკოსის ხელმძღვანელობით და მისი კვლევების საფუძველზე შექმნილია სხვადასხვა დანიშნულების ორიგინალური სამკურნალო პრეპარატები.
ეთერ ქემერტელიძეს მიღებული აქვს მრავალი პერსონალური ჯილდო, სახელმწიფო და საერთაშორისო აღიარება. აკადემიკოსი მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში. მათ შორის, იგი შვედეთის სამეფოს მეცნიერებათა აკადემიის ქიმიის ნობელის კომიტეტის მიერ იყო მიწვეული ქიმიის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატების წარდგენაზე და ასევე ნომინირებული იყო საერთაშორისო მშვიდობის პრემიაზე.
ეთერ ქემერტელიძე დღემდე აქიტურად განაგრძობს სამეცნიერო საქმიანობას და საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას ახალ თაობებს გადასცემს.
აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძეს 8 მარტი და მოახლოებული 100 წლის იუბილე მიულოცეს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, თსსუ-ის რექტორმა ირაკლი ნატროშვილმა, კანცლერმა ალექსანდრე ბუაჩიძემ, თსსუ-ისა და ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა.
მიხეილ სარჯველაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აკადემიკოსის მრავალწლიან და გამორჩეულ მეცნიერულ საქმიანობაზე, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოში ფარმაკოქიმიის განვითარებაზე, მედიცინისა და სამეცნიერო სფეროს წინსვლაზე.
ვიზიტის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტიც დაათვალიერა. სტუმრები ადგილზე გაეცნენ ინსტიტუტის საქმიანობასა და მიმდინარე სამეცნიერო კვლევებს.

