სიახლეები

ფარმაკობოტანიკის ლაბორატორიის მესამე საველე გასვლა თბილისის ზღვის შემოგარენში
ფარმაკობოტანიკის ლაბორატორიის მესამე საველე გასვლა თბილისის ზღვის შემოგარენში

2014 წლის 24 ივნისს ფარმაკობოტანიკის ლაბორატორიის კოლექტივმა ჩაატარა მორიგი, მესამე საველე გასვლა თბილისის ზღვის შემოგარენში. ექსპედიციაში მონაწილეობდნენ ფარმაკობოტანიკის ლაბორატორიის თანამშრომლები:  ქ. მჭედლიძე, ჯ. ანელი, ე. ლომიძე და მ. მშვილდაძე; საველე გასვლას  ხელმძღვანელობდა ფარმაკობოტანიკის ლაბორატორიის გამგე -  მ.ჭურაძე,

ივნისის თვეში თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია დიდი ფლორისტული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. რამაც ხელი შეგვიწყო შეგვეგროვებინა საჰერბარიუმო მასალა შემდგომი დამუშავებისა და საჰერბარიუმო ფონდის გამდიდრებისათვის.

ფლორისტულად საინტერესოა ჩრდილო-აღმოსავლეთით თიხნარი ფერდობები, გზისპირა ჩამონაშალები და გავაკებები თბილისის ზღვის ზემოთ, სადაც ბუნებრივი ლანდშაფტები კარგადაა შემორჩენილი.

ჩამონაშალებზე შეგროვებულია Garidella nigelastrum L., Consolida divericata (Ledeb.)Schroding.-სოსანი; Trigonella spicata Sibth.et Smith.- უცხო სუნელი; Salvia aethiopis L. სალბის ერთ-ერთი სახეობა -ბამბიქულა; Nepeta cataria L. -კატაპიტნა. საინტერესოა თიხნარებზე საკმაოდ იშვიათი  Callicephalus nitens (M.Bieb.)C.A.Mey. აქვე თიხნარებზე უხვად გვხვდება კიტრანა - Ecballium  elaterium (L.)A.Rich.

თბილისის ზღვის ზემოთ გავაკებაზე - Dianthus subulosus Freyn et Conrath-მიხაკი; Ornithogalum ponticum Zahar.-ძაღლნიორა. დიდ დაჯგუფებებს ქმნის პლატოზე ჭინჭარა - Phleomis pungens Willd.

თბილისის ზღვის ყურეებში და დაგუბებულ წყლებში შეგროვებულია  წყლის მცენარე ფრთაფოთოლა - Myriophyllum spicatum L., ტენიან ნაპირებზე ფართოდაა გავრცელებული სისტემატიკური თვალსაზრისით საინტერესო მარწყვა-ბალახი - Potentilla supinata L. ფრთისებრ დანაკვთული ფოთლებით (ჩვეულებრივია სახეობები თათისებრ განკვეთილი ფოთლებით).

იქვე ქვა-ღორღიან ბიოტოპებზე შეგროვებულია Helminthotheca echioides (L.)Holub, რომელიც მე-XX საუკუნის ბოლოს აღმოჩნდა თბილისის მიდამოებში.

ფიტოქიმიური კვლევებისთვის შეგროვებულია Potentilla supina, Helminthotheca echiodes. შეგროვებული საჰერბარიუმო ნიმუშების კამერალური კვლევა გრძელდება.