2014 წლის 24 ივნისს ფარმაკობოტანიკის ლაბორატორიის კოლექტივმა ჩაატარა მორიგი, მესამე საველე გასვლა თბილისის ზღვის შემოგარენში. ექსპედიციაში მონაწილეობდნენ ფარმაკობოტანიკის ლაბორატორიის თანამშრომლები: ქ. მჭედლიძე, ჯ. ანელი, ე. ლომიძე და მ. მშვილდაძე; საველე გასვლას ხელმძღვანელობდა ფარმაკობოტანიკის ლაბორატორიის გამგე - მ.ჭურაძე,
ივნისის თვეში თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია დიდი ფლორისტული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. რამაც ხელი შეგვიწყო შეგვეგროვებინა საჰერბარიუმო მასალა შემდგომი დამუშავებისა და საჰერბარიუმო ფონდის გამდიდრებისათვის.
ფლორისტულად საინტერესოა ჩრდილო-აღმოსავლეთით თიხნარი ფერდობები, გზისპირა ჩამონაშალები და გავაკებები თბილისის ზღვის ზემოთ, სადაც ბუნებრივი ლანდშაფტები კარგადაა შემორჩენილი.
ჩამონაშალებზე შეგროვებულია Garidella nigelastrum L., Consolida divericata (Ledeb.)Schroding.-სოსანი; Trigonella spicata Sibth.et Smith.- უცხო სუნელი; Salvia aethiopis L. სალბის ერთ-ერთი სახეობა -ბამბიქულა; Nepeta cataria L. -კატაპიტნა. საინტერესოა თიხნარებზე საკმაოდ იშვიათი Callicephalus nitens (M.Bieb.)C.A.Mey. აქვე თიხნარებზე უხვად გვხვდება კიტრანა - Ecballium elaterium (L.)A.Rich.
თბილისის ზღვის ზემოთ გავაკებაზე - Dianthus subulosus Freyn et Conrath-მიხაკი; Ornithogalum ponticum Zahar.-ძაღლნიორა. დიდ დაჯგუფებებს ქმნის პლატოზე ჭინჭარა - Phleomis pungens Willd.
თბილისის ზღვის ყურეებში და დაგუბებულ წყლებში შეგროვებულია წყლის მცენარე ფრთაფოთოლა - Myriophyllum spicatum L., ტენიან ნაპირებზე ფართოდაა გავრცელებული სისტემატიკური თვალსაზრისით საინტერესო მარწყვა-ბალახი - Potentilla supinata L. ფრთისებრ დანაკვთული ფოთლებით (ჩვეულებრივია სახეობები თათისებრ განკვეთილი ფოთლებით).
იქვე ქვა-ღორღიან ბიოტოპებზე შეგროვებულია Helminthotheca echioides (L.)Holub, რომელიც მე-XX საუკუნის ბოლოს აღმოჩნდა თბილისის მიდამოებში.
ფიტოქიმიური კვლევებისთვის შეგროვებულია Potentilla supina, Helminthotheca echiodes. შეგროვებული საჰერბარიუმო ნიმუშების კამერალური კვლევა გრძელდება.