თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის კლინიკამდელი ფარმაკოლოგიური კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაციის (GALAS) პრეზიდენტი, ევროპის ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაციების ფედერაციის (FELASA) მმართველი საბჭოს წევრი, პროფესორი კარენ მულკიჯანიანი 3–5 ივნისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა (CELAS) მე-2 კონგრესში მონაწილეობდა.
კარენ მულკიჯანიანი, რომელიც კონგრესის საორგანიზაციო და სამეცნიერო კომიტეტის წევრიც არის, ხელმძღვანელობდა პლენარულ და საპოსტერო სესიებს და წარადგინა მოხსენება თემაზე: „NAMs in Action: Reducing Animal Testing Through Integrated In Silico Strategies“.
კონგრესში მონაწილეობდა 322 დელეგატი 32 ქვეყნიდან და 21 შემადგენელი ასოციაციიდან. სამეცნიერო პროგრამა მოიცავდა 3 პლენარულ, 67 ზეპირ და 56 პოსტერ პრეზენტაციას, ასევე 8 ვორკშოპსა და 4 თანმხლებ ღონისძიებას.
კონგრესი ეძღვნებოდა ბიოსამედიცინო ექსპერიმენტებში ცხოველების გამოყენებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის ცხოველთა კეთილდღეობას, ეთიკურ ნორმებს, საკანონმდებლო რეგულაციებს, სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროგრამებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 3R პრინციპების (Replacement, Reduction, Refinement) დანერგვასა და განვითარებას, ასევე ცხოველების მონაწილეობით ჩატარებული კვლევების სათანადო ანგარიშგებისა და გაშუქების საკითხებს.
ღონისძიების ფარგლებში ფუნქციონირებდა მუდმივმოქმედი გამოფენა, სადაც 28 წამყვანმა კომპანიამ წარმოადგინა უახლესი GLP-შესაბამისი სამეცნიერო აპარატურა, კვლევითი ინსტრუმენტები, ვივარიუმების აღჭურვილობა და მართვის პროგრამული უზრუნველყოფა.
6 ივნისს გაიმართა FELASA-ს მმართველი საბჭოს სხდომა, სადაც განიხილეს მიმდინარე საქმიანობა და ფედერაციის სამომავლო გეგმები, მათ შორის FELASA-ს მე-17 კონგრესის ორგანიზების საკითხები, რომელიც 2027 წელს გერმანიის ქალაქ კიოლნში გაიმართება.

