2014 წლის 2-4 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,ფარმაცევტული მეცნიერებები XXI საუკუნეში”, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი მეცნიერის, პედაგოგის და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ ბიძინა ჭუმბურიძის 90 წლის იუბილეს.
კონფერენციას წინ უძღვოდა იუბილეს ცერემონიის გახსნა. როგორც თსსუ–ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ მისასალმებელ სიტყვაში ბრძანა, თსსუ–ის ადმინისტრაცია და პროფესურა დიდ პატივისცემას უდასტურებს ჭარმაგ მეცნიერს. „საამაყოა თქვენი მოღვაწეობა, თქვენ უყვარხართ და სჭირდებით სტუდენტებს, თქვენი თითოეული შენიშვნა ძალიან ღირებულია, თქვენ პირნათელი ბრძანდებით ქართული მეცნიერების წინაშე“.
პროფესორ ბიძინა ჭუმბურიძის ცხოვრებასა და ღვაწლზე ვრცლად ისაუბრა საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ.
იუბილარის დამსახურებაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის, უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსმა, ნუგზარ ჩიტაიამ.
იუბილეს ცერემონიის გახსნაზე არაერთი თბილი სიტყვა ითქვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუმრები 14 ქვეყნიდან, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების რექტორები და პროფესორები, მეცნიერები, პროფესორ ბიძინა ჭუმბურიძის ყოფილი მოწაფეები.
ფარმაცევტული საწარმო GMP-ს ხელმძღვანელმა, საერთაშორისო ხარისხის კონსალტინგის (Iternational Qyality Colsunting Inc. (Germany) წარმომადგენელმა საქართველოში, დასავლეთ-გერმანული ხარისხის მართვის სისტემების მასერტიფიცირებელი ორგანოს (TUV Cert (Germany) სერტიფიცირებული ხარისხის ოფიცერმა, ევროპის GMP-სთან შესაბამისობის აკადემიის (ECA) წევრმა, ევროპის ქიმიური ინდუსტრიის საბჭოს მიერ სერტიფიცირებული GMP-ის აუდიტორმა, ფარმაცევტული საწარმოს ხარისხის კონტროლის სისტემაში ევროპაში აკრედიტირებულმა უფლებამოსილმა პირმა (Qualified Person (QP) in Europe) გიორგი ანთაძემ აუდიტორიის წინაშე გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისთვის ყველაზე საპატიო წოდება ის გახლავთ, რომ პროფესორ ბიძინა ჭუმბურიძის მოწაფე ჰქვია. ის არა მარტო როგორც პროგრესულად მოაზროვნე მეცნიერია საამაყო, არამედ, როგორც მოქალაქე, ღვაწლმოსილი და პირუთვნელი მოამაგე თავისი ქვეყნისა. გიორგი ანთაძემ გაიხსენა: 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, მაშინ როცა ქუჩებში რუსი სამხედროები პატრულირებდნენ და სამხედრო საათის დამრღვევებს უსწორდებოდნენ კიდეც, გმირობის ტოლფასი იყო იმ ადგილზე გასვლა და სასინჯი მასალის აღება, სადაც ტრაგედია დატრიალდა. პროფესორი ბიძინა ჭუმბურიძე კი სტუდენტებთან და ასპირანტებთან ერთად მალულად გავიდა რუსთაველზე, მოიპოვა მასალა, რომლის შესწავლის შემდეგ დაიდო დასკვნა აკრძალული ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ.
პროფესორ ბიძინა ჭუმბურიძეს იცნობენ და პატივს სცემენ ამიერკავკასიაში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ევროპაში. სტუმრები აღფრთოვანებით საუბრობდნენ მის კვლევებსა და პიროვნულ ღირსებებზე. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ზურაბ ჭუმბურიძემ კი ჭუმბურიძეთა საგვარეულოს სახელით კიდევ ერთხელ უთხრა მადლობა ღვაწლმოსილ მეცნიერს, საამაყო ქართველს.
ძნელია, ჩამოთვალო ყველა ის გამომსვლელი, ვინც სცენიდან მიმართა პროფესორ ბიძინა ჭუმბურიძეს... თითოეული მათგანის სიტყვა იყო გულწრფელი და გულშიჩამწვდომი... ბატონმა ბიძინამ მადლობა მოახსენა ყველას ასეთი სიყვარულის გამოხატვისთვის, პირველ რიგში კი თსსუ–ის ხელმძღვანელობას, რექტორს, იუბილეს ორგანიზატორებს.
II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,ფარმაცევტული მეცნიერებები XXI საუკუნეში” პროფესორ ჭუმბურიძის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. მოხსენებები წაიკითხეს: თავად პროფესორმა ბიძინა ჭუმბურიძემ, პროფესორმა ფრანჩესკო მაციასმა, პროფესორა ვასილიოს როუსისმა, ასოცირებულმა პროფესორმა ადამ მატკოვსკიმ, პროფესორმა ლევონ ა. მელიკიანმა, პროფესორმა მარგარიტა ბეგლარიანმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, და სხვა მომხსენებლებმა.
ჩატარდა ვორკ–შოპი და სტენდური მოხსენებების წარდგენა. განსაკუთრებით სასიხარულო და საინტერესო იყო თსსუ–ის პროფესორ თამაზ ჭუმბურიძისა და მისი სამეცნიერო ჯგუფის სტენდური მოხსენება ახალ მედიკამენტზე: Dualer-G. როგორც პროფესორმა თამაზ ჭუმბურიძემ ბრძანა, ეს ახალი ნაერთია, რომელიც მოქმედების ფართო სპექტრით ხასიათდება. ახალი მედიკამენტი 20 წლის მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია.
როგორც კონფერენციამ ცხადყო, ქართველი მეცნიერები თავდაუზოგავად შრომობენ და თეორიულ და პრაქტიკულ შედეგებს აღწევენ კიდეც. ისინი ევროპელი კოლეგებისგან განსხვავებით, გაცილებით რთულ პირობებში ატარებენ კვლევებს და აქტუალურები და საინტერესოები არიან ევროპელი მეცნიერებისთვისაც. ყველაფერი იმ უანგარო ენთუზიაზმის შედეგია, რომელიც ასე დამახასიათებელია ჩვენი მეცნიერების უმრავლესობისთვის, პროფესორ ბიძინა ჭუბურიძისთვის...
II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ,,ფარმაცევტული მეცნიერებები XXI საუკუნეში” მასალები დაიბეჭდა ჟურნალში, რომელიც დაურიგდათ კონფერენციის სტუმრებს. დასასრულ, ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.
II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ,,ფარმაცევტული მეცნიერებები XXI საუკუნეში” მონაწილეობა მიიღეს და ზეპირი მოხსენებით გამოვიდნენ ინსტიტუტის ფარმაკოლოგიური კვლევის განყოფილების გამგე კ.მულკიჯანიანი და ლიპიდების და ანტრაქინონების ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი ბ.კიკალიშვილი