News

Eduards Abols star at the Pharmacy Аlley
Eduards Abols star at the Pharmacy Аlley

მიმდინარე წლის 29 თებერვალს, თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ეზოში, ფარმაციის ხეივანში ლატვიური წარმოშობის მეცნიერს, ედუარდ აბოლსს საპატიო ვარსკვლავი გაუხსნეს.  ღონისძიებას ესწრებოდნენ: ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართელოში, ქალბატონი ელიტა გაველე, ლატვიის საელჩოს სხვა წარმომადგენლები, ედუარდ აბოლსის შთამომავლები, ქალბატონი ნონა გაბელაია, რომელიც წლების მანძილზე სწავლობდა ლატვიელი მეცნიერის ბიოგრაფიასა და მოღვაწეობას, თსსუ–ის კანცლები, ბატონი ზურაბ ორჯონიკიძე, ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი ნანა გორგასლიძე, ფინანსური დირექტორი ზურაბ ანთელიძე, ცნობილი და სახელოვანი მეცნიერები და ინსტიტუტის თანამშრომლები.

როგორც ქალბატონმა ნანა გორგასლიძემ აღნიშნა, 29 თებერვალს ედუარდ აბოლსი 124 წლის გახდებოდა. ვარსკვლავის გახსნა კი მისი საქართველოში მოღვაწეობის 90 წლისთავს მიეძღვნა.

ედუარდ აბოლსი ფარმაკობოტანიკის განყოფილებას ჯერ კიდევ საქართველოს პირველ უნივერსიტეტში ჩაუდგა სათავეში. 1926 წლიდან ის ფარმაკობოტანიკის კათედრის გამგე გახლდათ, 1932 წლიდან კი - ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში  ამავე მიმართულებას ხელმძღვანელობდა. მთელი ცხოვრება გაატარა საქართველოში, შესანიშნავად ფლობდა ქართულ ენას, იყო დიდი მეცნიერი, პოლიგლოტი (11 ენა იცოდა), წერდა ლექსებსაც.

ქალბატონმა ნანა გორგასლიძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს ამ მნიშვნელოვან  ღონისძიებაში მონაწილეობისთვის.

ედუარდ აბოლსის საქმიანობაზე ისაუბრეს თსსუ–ის იოველ ქუთათელაძის  ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის თანამშრომელმა მანანა ჭურაძემ,  ქალბატონმა ეთერ ქემერტელიძემ, რომელიც პირადადაც იცნობდა ლატვიელ მეცნიერს და თსსუ–ის ფარმაციის ფაკულტეტის, ფარმაცევტული ტექნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა,პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთ პატივს მიაგებთ იმ კვალს, რომელიც ლატვიელმა მეცნიერმა, ედუარდ აბოლსმა დატოვა ქართულ მეცნიერებაში. ძალიან ემოციურია, რომ ამ ღონისძიებას თავად ედუარდ აბოლსის შთამომავლები ესწრებიან. თქვენ პატივს სცემთ ამ ისტორიას, რაც კიდევ უფრო გვაახლოვებს და გვაერთიანებს“, - აღნიშნა ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართელოში, ქალბატონმა ელიტა გაველემ. მან, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძესთან და ქალბატონ ნანა გორგასლიძესთან ერთად გაჭრა საპატიო ლენტი. შემდეგ კი - თაიგულით შეამკო ედუარდ აბოლსის ახლადგახსნილი ვარსკვლავი.

უდიდესი ამდლიერება გამოხატა ბაბუის ღვაწლის დაფასებისთვის ედუარდ აბოლსის შვილიშვილმა, ალექსი ჭედიამ. ჭედიების ოჯახში უკვე მეხუთე თაობის წარმომადგენელი იზრდება. თავად მეცნიერის ხსოვნა კი დიდი ხანია გასცდა ოჯახის ფარგლებს და საქართველოსა და ლატვიის სამეცნიერო წრეების, ხალხის კუთვნილება გახდა.