პერსონალი: მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ქ. მჭედლიძე; მეცნიერი თანამშრომელი ჯ. ანელი; საჰერბარიუმო საქმის სპეციალისტი ე. ლომიძე.
ისტორია: ფარმაკობოტანიკის მიმართულება (2006 წლის რეორგანიზაციამდე - განყოგილება, შემდგომ, 2011 წლამდე კი ლაბორატორია) 87 წელს ითვლის, იგი ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დაარსებისთანავე ჩამოყალიბდა. 1932 წელს ლაბორატორიის დაფუძნებით დაიწყო ინსტიტუტის ისტორია, და დღემდე მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს; მიმართულება ინარჩუნებს რა არსებულ ტრადიციებს კვლავაც აგრძელებს ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის კვლევებს. ფარმაკობოტანიკის მიმართულება ინტეგრირებულია ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევების საერთო პროცესში და ყველა სამეცნიერო წამოწყება და სამუშაო (თუ იგი მცენარეულ ნედლეულს ეხება) მასთან არის კოორდინირებული.
ფარმაკობოტანიკის განყოფილებას დაარსების დღიდან ედუარდ აბოლი ედგა სათავეში, ფარმაკობოტანიკურ ექსპედიციებს და საჰერბარიუმო საქმიანობას კი ვალერიან შოთაძემ ჩაუყარა სფუძველი. 1956-59 წლებში განყოფილებას განაგებდა პროფესორი ანდრეი იაცენკო-ხმელევსკი. 1959-80 წლებში - მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი ნიკოლოზ ანელი, 1980-86-ში თამაზ მარდალეიშვილი, 1986-2004 წლებში კი - ჯემალ ანელი, რომელიც ამ თანამდებობაზე ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატმა მანანა ჭურაძემ შეცვალა და 2018 წლამდე ღირსეულად უძღვებოდა ღვაწლმოსილი წინაპრების დანატოვარს.
ფარმაკობოტანიკის განყოფილებაში სხვადასხვა დროს უმოღვაწია არაერთ დამსახურებულ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს: გამოჩენილ ქართველ ბოტანიკოსს -აკადემიკოს ნიკო კეცხოველს, ცნობილ ფარმაკობოტანიკოსს - დიმიტრი სოსნოვსკის, ქართული ფარმაციის ერთ-ერთ თვალსაჩინო მოღვაწეს პროფესორ არისტარხ მშვიდობაძეს და სხვებს.
კვლევის მიზანი და ამოცანები: ფლორისტული და ფარმაკობოტანიკური ხასიათის კვლევები მუდმივად მიმდინარე, დაუსრულებელი პროცესია, რადგან ბუნება მცენარეთა ახალი ტაქსონების, საკვლევი ნედლეულის ალტერნატიული წყაროების საძიებო და აღმოჩენის დაუშრეტელი ობიექტია. ფარმაკობოტანიკის მიმართულება აწარმოებს საქართველოს ფლორის გამოკვლევას ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა შემცველი მცენარეების გამოვლენის მიზნით.
ფარმაკობოტანიკის მიმართულება ბოტანიკურ უზრუნველყოფას უწევს ინსტიტუტის ყველა დანაყოფს; ფიტოქიმირი კვლევების ჩასატარებლად აწარმოებს საქართველოს სხვადასხვა ფლორისტულ რაიონში მიზნობრივ და ფარმაკობოტანიკურ ექსპედიციებს; მცენარის მორფოლოგიური ნიშნების გათვალისწინებით ადგენს საკვლევი ტაქსონის (სახეობა, გვარი, ოჯახი) სტატუს. კრიტიკულ ტაქსონთა სიზუსტე განმტკიცებულია ანატომიური მონაცემებით, რომლებიც სხვა პარამეტრებთან ერთად საიმედო მეთოდია მცენარეთა დიაგნოსტიკაში. შედარებით-ანატომიურ კვლევებს და ჰერბარიუმში მცენარის ჭეშმარიტების გადამოწმებას მინიმუმამდე დაჰყავს ცდომილების შესაძლებლობა, რაც მაკრო-მორფოლოგიურ და ტოპოეკოლოგიურ მონაცემებთან ერთად საიმედოა მცენარეთა დიაგნოსტიკაში; სწავლობს რა პერსპექტიულ სამკურნალო მცენარეთა და ტექნიკური კულტურების გავრცელების არეალებს, განსაზღვრავს მათ ბუნებრივ და საექსპლუატაციო მარაგს; ითვალისწინებს ხალხური მედიცინის გამოცდილებას; სწავლობს მცენარეთა ზრდის ბიოეკოლოგიურ თავისებურებებს და ამუშავებს საჰერბარიუმო მასალას.
კვლევის მეთოდები: ფარმაკობოტანიკის მიმართულებაში მიმდინარე კვლევების საფუძველს მცენარეთა საველე და კამერალური დამუშავების არაერთი მეთოდი და მიკროტექნიკაში მიღებული სპეციალიზებული საქმიანობა განაპირობებს: მარშრუტულ-გეოგრაფიული მეთოდი; მცენარეთა მაკრო და მიკრომორფოლოგიური კვლევის მეთოდი; საჰერბარიუმო საქმე და სინათლის მიკროსკოპია (დროებითი პრეპატარების დამზადების მეთოდი; მიკროსტრუქტურული ელემენტების განზომილებითი და რაოდენობითი მონაცემების განსაზღვრის და კორელაციის მეთოდი; მიკროფოტოგრაფირების მეთოდი, სადიაგნოსტიკო ქსოვილთა პროგრამული დამუშავების მეთოდი და სხვა).
სამეცნიერო მიმართულებები: ფარმაკობოტანიკური კვლევები აერთიანებს საბუნებისმეტყველო და სოფლის-მეურნეობის მეცნიერებათა ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის კვლევებს: მცენარეთა მორფოლოგიას, სისტემატიკას, ტაქსონომიას, ნომენკლატურას, მცენარეთა ანატომიას, ეკოლოგიას, მცენარეთა დაცვასა და აგრონომიას.
სასწავლო მიმართულება: მიმართულებას გააჩნია კვალიფიციური კადრების მომზადების პოტენციალი ფარმაკობოტანიკაში, აგრეთვე ძალზე იშვიათი პროფესიის სპეციალისტის აღზრდა მცენარეთა ანატომიასა და საჰერბარიუმო საქმეში.
საექსპერტო-საკონსულტაციო მიმართულება: ფარმაკობოტანიკის მიმართულების თანამშრომლები კვალიფიკაციის ფარგლებში ასრულებენ როგორც საკონსულტაციო ასევე საექსპერტო საქმიანობას.
კვლევის ძირითადი შედეგები: ინსტიტუტი დაარსების დღიდან ფლობს საჰერბარიუმო ნიმუშთა მდიდარ კოლექციას, რომელიც შეტანილია ჰერბარიუმთა საერთაშორისო ნუსხაში და მინიჭებული აქვს აკრონიმი -TBPH, რაც მას მაღალი რანგის სტატუსს ანიჭებს; ინსტიტუტის ჰერბარიუმში წარმოდგენილია გვიმრანაირ, შიშველთესლოვან და ფარულთესლოვან მცენარეთა 160 ოჯახის 750-მდე გვარის 3200-მდე სახეობა 35 000-მდე საჰერბარიუმო ნიმუში. ფონდი ყოველწელიწადს ივსება ახალი საჰერბარიუმო დოკუმენტაციით.
ფარმაკობოტანიკის მიმართულების ბოლო 10 წლის შედეგი ასახულია 64 სამეცნიერო ნაშრომში და აგრეთვე, ადგილობრივსა თუ საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო კონფერენციათა მასალებში.