სტეროიდული შენაერთების მიმართულება

სტეროიდული შენაერთების მიმართულება
სტეროიდული შენაერთების მიმართულება

პერსონალი: მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  ე. ქემერტელიძე; უფროსი მეცნიერი თანამშრომელი  მ. ბენიძეუფროსი მეცნიერი თანამშრომელი  ვ. ნებიერიძემეცნიერი თანამშრომელი  ნ. საყვარელიძემეცნიერი თანამშრომელი  ნ. ბულისკერია

ისტორია:  საქართველოს მრავალფეროვანი ფლორა და მდიდარი მინერალური რესურსები ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა დაუშრეტელი წყაროა და სამკურნალო საშუალებათა მიღების დიდ შესაძლებლობას ჰქმნის. სწორედ ამიტომ ჩვენში ფარმაცევტული მეცნიერება და ქიმიურ–ფარმაცევტული მრეწველობა მათი შესწავლისა და გამოყენების ბაზაზე ვითარდებოდა, რაც რესპუბლიკის ერთ–ერთ მნიშვნელოვან დარგად ჩამოყალიბდა.

წამალთმცოდნეობას საქართველოში უძველესი ტრადიცია აქვს და იგი ქართველი ერის თვითმყოფადი კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია.

მაგრამ ქართულ მეცნიერულ ფარმაციას და ფარმაკოქიმიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან ჩაეყარა საფუძველი, როდესაც დიდმა ივანე ჯავახიშვილმა ოდესიდან უკვე სახელგანთქმული მეცნიერი პროფესორი იოველ ქუთათელაძე ფარმაციისა და ფარმაკოგნოზიის კათედრის გამგედ მოიწვია.

პედაგოგიურ მუშაობასთან ერთად პროფესორ იოველ ქუთათელაძემ ფართო მეცნიერული მოღვაწეობა გაშალა და კვლევები ისეთ დონეზე აიყვანა, რომ დამოუკიდებელი სამეცნიერო დაწესებულების შექმნა გახდა შესაძლებელი.

1932 წელს თბილისის სამეცნიერო–კვლევითი ქიმიურ–ფარმაცევტული ინსტიტუტი დაარსდა. 1961 წლიდან იგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებაშია და ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი ეწოდა. აკადემიკოს იოველ ქუთათელაძის გარდაცვალების შემდეგ ინსტიტუტს მისი დამაარსებლის სახელი მიენიჭა. 1964–1972 წლებში ინსტიტუტის დირექტორი მსოფლიოში აღიარებული ბიოქიმიკოსი აკადემიკოსი ვლადიმერ ასათიანი ბრძანდებოდა.

ინსტიტუტის დაარსებიდან დაიწყო საქართველოს ბუნებრივი რესურსების გეგმაზომიერი შესწავლა სამკურნალო და სხვა დანიშნულების საშუალებათა მისაღებად.

სამკურნალო პრეპარატების შექმნა საკმაოდ რთული პროცესია და სხვადასხვა მომიჯნავე დარგის ერთობლივ მოღვაწეობას მოითხოვს. ამ მიზნით ინსტიტუტში ჩამოყალიბდა კომპლექსური სისტემა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა ძიებიდან დაწყებული მათი წარმოებით დამთავრებული.

შეისწავლებოდა საქართველოს ფლორა, გამოვლენილ საინტერესო მცენარეთა ქიმიური შედგენილობა, მუშავდებოდა ანალიზის და ტექნოლოგიის მეთოდები, დგინდებოდა ფარმაკოლოგიური ეფექტურობა, უვნებლობა და მიმდინარეობდა მათი მომზადება კლინიკური აპრობაციისათვის. პრეპარატთა ნედლეულის ბაზით უზრუნველყოფისათვის სხვადასხვა რეგიონებში ჩამოყალიბდა სამკურნალო მცენარეთა საცდელი სადგურები იმ სახეობათა ზრდა–განვითარების ბიოლოგიურ თავისებურებათა შესწავლისა და კულტივირების აგრორეკოენდაციების შემუშავებისათვის, რომელთა ბუნებრივი რესურსები შეზღუდულია. კერძოდ ჩამოყალიბდა ქობულეთის, თბილისის, შირაქის სადგურები, აგრეთვე კოდორის ხეობაში წებელდის სადგური, რომელიც ხეობის ოკუპაციას შეეწირა. ამოქმედდა ინსტიტუტის ექსპერიმენტულ–საწარმოო ბაზა ნივთიერებათა ტექნოლოგიების აღწარმოების, კლინიკური აპრობაციისთვის პრეპარატების მისაღებად და მათი გამოშვება რეალიზაციისათვის.

კვლევები მიმდინარეობდა კლასიკური ბიოლოგიის, ფიზიკო–ქიმიური მეთოდების და თანამედროვე სპექტრული ანალიზების გამოყენებით.

1960 წელს ინსტიტუტში დაარსდა ფიტოქიმიის განყოფილება და დაიწყო ცალკეული ქიმიური კლასის ნივთიერებათა შესწავლა: ალკალოიდების, სტეროიდული და ტრიტერპენოლი საპონინების, საგულე გლიკოზიდების, ლიპიდების, ციკლოარტანების, ფლავონოიდების, ტანიდების, ლიგნანების, კუმარინების, ანტრაქინონების, პოლისაქარიდების, პროტეოლიტური ფერმენტების და სხვათა. ეს ჯგუფები შემდეგში დამოუკიდებელ ლაბორატორიებად ფუნქციონირებენ.

ინსტიტუტში შექმნილი 70–მდე პრეპარატი სხვადასხვა დროს გამოიყენებოდა სამედიცინო პრაქტიკაში. ინსტიტუტის ადრეული გამოკვლევები დაედო საფუძვლად თბილისის და ბათუმის ქიმიურ–ფარმაცევტული ქარხნების დაარსებას, რომელთაც საბჭოთა კავშირის მასშტაბით მოწინავე პოზიციები ეჭირათ ფიტოქიმიური პრეპარატების წარმოების დარგში.

მოკლედ შევჩერდებით სტეროიდულ ნივთიერებათა მიმართულებით მიღებულ ბოლო პერიოდის შედეგებზე. აღნიშნული იქნება აგრეთვე სხვა ქიმიური კლასის ნივთიერებათა შესწავლით შექმნილი პრეპარატები.

– Digitalis-ის – სათითურას მცენარეთა პრეპარატები – კარდენოლიდები და ბუფადიენოლიდები თითქმის სამი საუკუნეა შეუცვლელ საშუალებებს წარმოადგენენ გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისათვის – გულის უკმარისობის, დეკომპენსაციის შემთხვევებში.

Digitalis-ის – სათითურას 40–მდე სახეობიდან Digitalis ciliata Twautv. - წამწამოვანი სათითურა კავკასიის მკაცრად ენდემური სახეობაა. სხვებთან შედარებით უპირატესობით სარგებლობს კარდენოლიდების მაღალი შემცველობით. მცენარეში არსებული 60–მდე კარდენოლიდიდან გამოყოფილი დახასიათებულია 35. მცენარე მოწოდებულია რადიკალური საგულე გლიკოზიდის – აცეტილდიგიტოქსინის და დიგიტოქსინის ნედლეულად. ამ მცენარიდან მომზადებული გალენური პრეპარატები „დიგიცილენი“ ამპულებში და „დიგიცილი“ ტაბლეტებში წარმატებით გამოიყენებოდა კარდიოლოგიაში. წამწამოვანი სათითურას თესლები მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს შეუცვლელ ბიოქიმიურ რეაქტივს დიგიტონინს და მიმდინარეობს მისი წარმოება. დიგიტონინის მიღების ტექნოლოგია დაპატენტებულია ინგლისში, გერმანიაში, შვეიცარიაში.

Digitalis ciliata-დან გამოყოფილია მეტოქსილირებული ფლავონოიდები, ანტრაქინონები. თესლების ცხიმოვანი ზეთი გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო საშუალებაა. მომზადებულია სავარაუდო პრეპარატი „დიგიპუროლი“. მცენარის ფესვებში 100–მდე ნივთიერება აღინიშნება.

Digitalis ciliata დიდ ფართობებზე სუფთა ნაზარდებს ჰქმნის და ნედლეულის დიდ მასას იძლევა.

– საქართველოს და კავკასიის ენდემური სახეობები Helleborus abchasicus A.Br. და Helleborus caucasicus A.Br. საგულე გლიკოზიდების მეორე ჯგუფით ბუფადიენოლიდებითაა მდიდარი. გამოყოფილი და დახასიათებულია რამდენიმე მათგანი. მცენარეთა ფესვებში დიდი რაოდენობით ბიოსინთეზირდება ნეიტრალური ლიპიდები (15–18%), სპეციფიკური ქიმიური შედგენილობით და ამავე დროს ავთვისებიანი სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებით ხასიათდებიან. მომზადებულია პრეპარატი „ჰელიპოლი“ ზედაპირული ლოკალიზაციის კიბოს მკურნალობისთვის (რენტგენოთერაპიასთან კომბინაციაში).

– საქართველოში ბაღებსა და პარკებში მოზარდი ხე–ბუჩქოვანი მრავალწლოვანი მარადმწვანე მცენარე Yucca glorisa L. – იუკა დიდებულის ფოთლებიდან გამოყოფილი სტეროიდული საპოგენინი „ტიგოგენინი“ აღიარებეულია სტეროიდული ჰორმონალური პრეპარატების სინთეზის საწყის ნედლეულად და მისი გამოყენებით უკვე განხორციელებულია რამდენიმე პრეპარატის სინთეზი. ტიგოგენინის ნედლეულის ბაზით უზრუნველყოფისათვის შირაქის ველზე 180 ჰა–ზე უკვე კულტივირებულია Yucca gloriosa და ამ უდაბნოში თეთრად უხვად მოყვავილე მცენარით ერთგვარი ოაზისი შეიქმნა. იუკა დიდებულის ყვავილობის დამთავრების შემდეგ (15–20 დღე) ყვავილები ჭკნება და გამოუყენებელ ნარჩენებად ცვივა. ყვავილების სტეროიდული გლიკოზიდებიდან სასოფლო–სამეურნეო კულტივირების ზრდა–განვითარების ეფექტური სტიმულატორი „ალექსინი“ დამზადდა. მისი მეტად მცირე კონცენტრაციის წყლიანი ხსნარებით (2–5მგ%) თესლების თესვიწინა დამუშავებით ანდა ნერგების შესხურებით 30–50%–მდე იმატებს მოსავლიანობა, ეკოლოგიურად სრულიად სუფთა მაღალხარისხოვანი პროდუქტი მიიღება. მცენარის ფესვები, ფესურების და ღეროს ქერქი იშვიათი სპიროსტრუქტურის ახალ სტილბენებს შეიცავს (გლორიოზაოლები A, B, C, D და E), რომლებიც მაღალი ანტიოქსიდანტური, პროაპტოზური და ანტიპროლიფერაციული მოქმედებით ხასიათდებიან.

Yucca gloriosa-r-ას ცალკეული ვეგეტატიური ორგანოებიდან გამოყოფილია 81 ინდივიდუალური ნივთიერება, მათ შორის 32 ახალი ორგანული კომპონენტია.

– ფართოდ გავრცელებული სარეველა მცენარე Tribulus terrestris L. - კუროსთავში პირველად ჩვენს მიერ იქნა აღმოჩენილი სტეროიდული გლიკოზიდების არსებობა. მისგან მომზადებულ პრეპარატ „ტრიბუსპონინის“ სუბსტანციას ჩიმკენტის ქიმიურ–ფარმაცევტული ქარხანა აწარმოებდა, მზა სამკურნალო ფორმას – ტაბლეტებს ჯერ თბილისის ქიმიურ–ფარმაცევტული ქარხანა, შემდეგ ინსტიტუტის ექსპერიმენტულს საწარმოო ბაზა. ტრიბუსპონინი ათეროსკლეროზის მკრუნალობისა და პროფილაქტიკის ეფექტური საშუალებაა, ანაბოლიტური მოქმედებით და ადამიანის გენერაციული ფუნქციის სტიმულაციის აქტივობით გამოირჩევა. კუროსთავიდან გამოყოფილია აგრეთვე ნუკლეოზიდები, მეგასტიგმანები, ფენოლკარბონმჟავები, იშვიათი ფლავონოიდები აპიოზიდები, რომელთაც გარკვეული წვლილი შეიძლება შეიტანონ ამ მრავალმხრივი მოქმედების მქონე პრეპარატის მოქმედების მექანიზმში.

– რელიქტიური მცენარე Ruscus ponticus Wor. ex., Crossh. – თაგვისარას ფესვების სტეროიდული გლიკოზიდებიდან (მათ შორის იშვიათი აგლიკონის ნეორუსკოგენინის ნაწარმი) ანთების საწინააღმდეგო და ფლებოდინამიკური პრეპარატი „რუსკოპონინია“ მომზადებული კლინიკური აპრობაციისთვის.

მეორე სახეობა Ruscus colchicus P.F.Yeo – ძმერხლის მიწისზედა ნაწილები მდიდარია სტეროიდული გლიკოზიდებით, რომელთა ნაწილი სულფულირებულია, სულფო ჯგუფი ჩანაცვლებულია, როგორც ნახშირწყლოვან ნაწილში, ასევე ძირითად ბირთვში – აგლიკონში. გამოყოფილი და დადგენილია ყველა მათგანის ქიმიური შედგენილობა, მათ შორის 20 ახალი ნივთიერებაა.

Ruscus colchicus – ძმერხლის მიწისზედა ნაწილმა ლაქტოგენური ეფექტი გამოამჟღავნა, 30–50%–ით იწვევს რძის მატებას და აუმჯობესებს მის ხარისხს. იქმნება პერსპექტივა მცენარეული ლაქტოგენური პრეპარატის შესაქმნელად. ძმერხლი საქონლის საუკეთესო საკვებია. მცენარე მძლავრ ფესვებს მიწის ზევით ინვითარებს და ნიადაგის ეროზიას აფერხებს.

– კავკასიის ენდემური რელიქტური მცენარე Rhododendron Ungernii Trautv – შქერის ფენოლური ნივთიერებებიდან შექმნილი პრეპარატი „როდოპესი“ ჰერპესული დაავადების საწინააღმდეგო მაღალეფექტური საშუალებაა, იგი მთლიანად ანადგურებს ვირუსს და წარმატებით გამოიყენება სამედიცინო პრაქტიკაში.

- Astragalus falcatus Lam - გლერძის ფენოლური გლიკოზიდი რობინინი ანტიურემიული თვისებისაა და მისგან პრეპარატი – ფლარონინია შექმნილი, რომელიც თირკმლის უკმარისობის დროს გამოიყენება.  გადაწყვეტილია ფლარონინის მიღების საკითხი საქართველოში უხვად გავრცელებული Pueraria hirsuta Matsum ფოთლებიდანაც.

– დეკორატიული მცენარის Fatsia japonica (Trumb) Decne et Planch –  იაპონური ფაცია მდიდარია ტრიტერპენული საპონინებით. მათგან შექმნილია პრეპარატი „ფაციფლოგინი“. პირველი მცენარეული ანტირევმატული, ანთების და ტკივილის საწინააღმდეგო საშუალება.

– Paliurus spina-christi Mill – ძეძვის ნაყოფების ლიპიდებში ხსნადი ფენოლური ნივთიერებებისგან ჰეპატოპროტექტორული და ნაღველის დამდენი ეფექტური პრეპარატი „ცარუბოლია“ შექმნილი.

- Satureja hortensis L. ბაღის ქონდრის ფოთლების და ყვავილების ლუტეოლინის წარმოებული ფლავონოიდებისგან პრეპარატი „სატურინია“ შექმნილი 2 – ტიპის დიაბეტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის. ინსტიტუტის სამკურნალო მცენარეთა შირაქის საცდელ სადგურში აგრონომ ბადრი გრიგოლავას მიერ შესწავლილია მცენარის ზრდა–განვითარების პირობები და გაშენებულია ბაღის ქონდრის პლანტაციები. 1 ჰა ნაკვეთიდან 600–700 კგ ჰ/მ მაღალკონდიციური სამკურნალო ნედლეული მიიღება.

– უძველესი მცენარე Ginkgo biloba L. – გინკო ბილობა იშვიათი სახეობაა, მან გამყინვარების პერიოდი გადაიტანა და დედამიწაზე ყველაზე დიდი ხნის მცენარედ ითვლება. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა 2000 წელს აღწევს. შესწავლილია მცენარის ბიოლოგიური თვისებები და ინსტიტუტის სამკურნალო მცენარეთა საცდელ სადგურში შეყვანილია კულტურაში. კულტივირებული მცენარის ფოთლების ქიმიური შედგენილობა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს. მისგან შექმნილია პრეპარატი „გინკო–ბათი“ სითხის სახით, რომლის 1მლ 120 მგ ფოთლებიდან მიღებულ ექსტრაქტს შეესაბამება. გინკო–ბათი სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალო პრეპარატია, აუმჯობესებს კაპილარული, ვენური, არტერიული სისხლძარღვების, თავის ტვინის სისტემის ფუნქციას, გამოიყენება გონებრივი სისუსტის და ფიზიკური შრომისუნარის დაქვეითების შემთხვევაში.

– Colchicum speciosum Stev. - უცუნას ტუბერ–ბოლქვების ალკალოიდებისგან პერიოდული დაავადების და ამილოიდოზის ერთადერთი საშუალება „კოლხიცინია“ შექმნილია პროფ. პავლე იავიჩთან თანამშრომლობით.

– მოწოდებულია პრეპარატი „ექსტრალაქსი“ ერთჯერადი გამოყენების მიკროენემა ავადმყოფების კუჭ–ნაწლავის დაავადებების დიაგნოზირებისათვის მოსამზადებლად.

– ლიპიდების და ანტრაქინონების მიმართულებასთან თანამშრომლობით მოწოდებულია პრეპარატი „ფსორანტრონი“ და „ფსორანტრონ C” – ფსორიაზის სამკურნალო მაღალეფექტური საშუალება მალამოს სახით.

– დადგენილია Cotinus coggygria Scop - თრიმლის კულტივირების უპირატესობა ველურად მოზარდთან შედარებით. მიიღება მაღალკონდიციური სამკურნალო ტანინი. მცენარე კულტივირებულია 3 ჰა–ზე შირაქის სამკურნალო მცენარეთა საცდელ სადგურში. შრომატევადი პროცესების სრული მექანიზაციით. დადასტურებულია მისი ეკონომიკური ეფექტურობა.

  • Thea sinensis L. - ჩაის პლანტაციების გამოუყენებელი ნარჩენი – ჩაის თესლები მდიდარია ტრიტერპენული საპონინებით. მათგან მიღებული პრეპარატი „თეასაპონინი“ ვეტერინარული ვაქცინების საუკეთესო ადიუვანტია. იგი გამოიყენება აგრეთვე სამედიცინო ფოტომასალების წარმოებაში. თეასაპონინის ჩართვა პარფიუმერულ–კოსმეტიკურ კომპოზიციებში მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მათ ხარისხს. ჩაის თესლის ზეთი ზეითუნის ზეთის შემცვლელია და საუკეთესო კვების პროდუქტია. ჩაის ზეთი აქვეითებს ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში და სამედიცინო დანიშნულებაც აქვს.

ყველა ზემოთ მოყვანილი პრეპარატის და ნედლეულის ქიმიური შედგენილობა და მათ წარმოებასთან დაკავშირებული ძირითადი პროცესები შესწავლილია. აღნიშნული პრეპარატების პრაქტიკული გამოყენება ნებადართულია ყოფილი საბჭოთა კავშირის, შემდეგ რუსეთის ფედერაციის და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროების და სათანადო სახელმწიფო უწყებების მიერ. პრეპარატები უზრუნველყოფილია წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ბაზით, შედგენილი და დამტკიცებულია საჭირო სამეცნიერო–ტექნიკური  დოკუმენტაცია, განსაზღვრულია მათი რეალიზაციის მასშტაბები.