სიახლეები

5 World Congress on Biotechnology
5 World Congress on Biotechnology

2014 წლის 25-27 ივნისს, ქალაქ ვალენსიაში (ესპანეთი) ჩატარდა მე-5 მსოფლიო კონგრესი ბიოტექნოლოგიაში  კონფერენციის დევიზი იყო: “დააჩქარე მეცნიერული აღმოჩენები”.  კონფერენციის ორგანიზატორი იყო კონფერენციების ომიკს-ის ჯგუფი შემდეგ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით: European Biotechnology Thematic Network Association (EBTNA), Valencia Bioregion (BIOVAL), Federation of Spanish Biotechnologist (FEBiotec) and SILAE, Journal Biotechnology and Biomaterials, Journal Biomediation and Biodegradation და Journal Bioprocessing and  Biotechniques მხარდაჭერით.
კონფერენციის პროგრამა შედგებოდა შემდეგი მიმართულებებისაგან:

ბიოტექნოლოგიის თანამედროვე გეგმები;
ბიოტექნოლოგია სოფლის მეურნეობაში;
ბიოტექნოლოგია ჯანმრთელობის დაცვაში;
საკვები და ბიოპროცესების ტექნოლოგია;
კიბო და გენომის კვლევა;
გენეტიკური ინჟინერია და რდნმ-ის ტექნოლოგია;
ბიოქიმია, უჯრედის და მოლეკულური ბიოლოგია;
მიკრობიოლოგია მიკრობული სამყარო;
ცხოველის ბიოტექნოლოგია და უჯრედის კულტურა;
ბიოინფორმატიკა და ბიოსენსორები;
ზღვის ბიოტექნოლოგია და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგია;
ნავთობი და გარემოს დაცვის ბიოტექნოლოგია.

კონგრესზე წარმოდგენილი ზეპირი და სასტენდო მოხსენებები ეძღვნებოდა თანამედროვე ბიოტექნოლოგიის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი დარგის მეცნიერულ მიღწევებს და მომავლის პერსპექტივებს. კონგრესში მონაწილეობა მიიღო 300-ზე მეტმა დელეგატმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. საქართველოდან კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა ი.ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მცენარეული ბიოპოლიმერების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ბიოლ. მეცნ. დოქტორი ვახტანგ ბარბაქაძე. ვ. ბარბაქაძის ზეპირი მოხსენება “Boraginaceae-ს ოჯახის სხვადასხვა სახეობის ახალი ბიოლოგიურად აქტიური კოფეინის მჟავას წარმოებულის ბიოპოლიმერი პოტენციური თერაპიული ეფექტით” ჩართული იყო მიმართულებაში “ბიოქიმია, უჯრედის და მოლეკულური ბიოლოგია”.

 

    მოხსენება შეეხებოდა ბუნებაში დღემდე უცნობი ბიოპოლიმერის, კოფეინის მჟავას წარმოებულის მარტივი პოლიეთერის აღმოჩენას და მისი ქიმიური აღნაგობის დადგენას ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსის სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით. ახალ ნივთიერებას აღმოაჩნდა ბიოლოგიური აქტივობის ფართო სპექტრი: იმუნომოდულატორული, ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო და სხვა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ მისი ინ ვიტრო და ინ ვივო სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი ადამიანის პროსტატის კიბოს უჯრედების მიმართ, რის საფუძველზეც შეიძლება ვივარაუდოთ აღნიშნული პოლიმერის მაღალი სამკურნალო პოტენციალი პროსტატის კიბოთი დაავადებულ პაციენტებში.
    მოხსენების შემდეგ იყო საინტერესო შეკითხვები, რაზედაც ჩემს მიერ გაცემული იქნა ამომწურავი პასუხები. უცხოელ კოლეგებთან მქონდა საინტერესო დისკუსიები, განსჯა და მომავალი თანამშრომლობის შესაძლო პერსპექტივები. მოხსენებამ დაიმსახურა მაღალი შეფასება, რის დასტურადაც    გადმომეცა ოფიციალური სერტიფიკატი-ჯილდო, რის ასლსაც წარმოგიდგენთ.
კონგრესის თეზისები დაიბეჭდა ომიკს-ის ჯგუფის ჟურნალში Journal of Biotechnology and Biomaterials, 2014, Volume 3, N.5.

კონგრესში მონაწილეობის ფინასური მხარდაჭერა: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო გრანტი 2014­­_tr_433.