სიახლეები

ფარმაცევტული მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერი ალანია 80 წლისაა
ფარმაცევტული მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მერი ალანია 80 წლისაა

ქალბატონი მერი ალანია გამორჩეული მეცნიერი და პიროვნებაა თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში, ერთ-ერთი მათაგანია, რომლის თავდაუზოგავ შრომასა და თავდადებას ეფუძნება მისი სამეცნიერო მიღწევები.

ექვსი ათეული წელია რაც იგი დაუღალავად შრომობს, ჯერ როგორც პრაქტიკოსი ფარმაცევტი და შემდეგ როგორც მეცნიერი თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში, სადაც მან წარმატებით გაიარა სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული ყველა საფეხური უმცროსი მეცნიერ თანამშრომლიდან დეპარტამენტის ხელმძღვანელამდე.

საქმისადმი ერთგულება, თავდადება, ენერგიულობა, მიზანსწრაფვა, ცოდნა, მეცნიერული შედეგების განზოგადების და მისი პრაქტიკულ საქმიანობაში დანერგვის უნარი, მეცნიერული მიმართულების განვითარებისთვის სიახლის ძიება, მოყვასის სიყვარული, პირდაპირობა, უანგარო სამსახური დარგისთვის და ქვეყნისთვის - ეს ის თვისებებია, რომლებიც მას გამოარჩევს.

მერი დურუს ასული ალანია დაიბადა 1937 წლის 18 აპრილს ხობის რაიონის სოფელ ზემო ქვალონში. საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდგომ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაცევტულ ფაკულტეტზე, რომელიც ასევე წარჩინებით დაამთავრა 1960 წელს. იმავე წელს დაიწყო მუშაობა აბაშის რაიონის სოფელ ონტოფოს აფთიაქის გამგედ, რამდენიმე წელიწადში კი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ასპირანტურაში ჩაირიცხა. ქ-ნი მერის ცოდნით და მონდომებით დაინტერესდა ქალბატონი ეთერ ქემერტელიძე, რომლის ხელშეწყობითაც 1965 წლის ნოემბერში ქ-ნ მერი გახდა ინსტიტუტის ფიტოქიმიის განყოფილების უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი. სადისერტაციო თემად ე. ქემერტელიძემ (ხელმძღვანელი) შეურჩია საქართველოს ფლორის ასტრაგალების გვარის ფენოლური ნაერთების შესწავლა სამკურნალო საშუალებათა შექმნის მიზნით. მისი სადისერტაციო თემის მეორე ხელმძღვანელი გახლდათ ქ. ხარკოვის სამკურნალო საშუალებათა ქიმიისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი, ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნიკოლოზ ფედოტის ძე კომისარენკო, რომელმაც ქ-ნ ეთერისთან ერთად უდიდესი ღვაწლი დასდო ქ-ნი მერის მეცნიერად ჩამოყალიბებაში, რისთვისაც იგი სიცოცხლის ბოლომდე მისი მადლიერი რჩება.

1974 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ქ. ხარკოვის ფარმაცევტულ ინსტიტუტში.

1965 წლიდან დღემდე მას გამოკვლეული აქვს 4000 - მდე მცენარეული ნიმუში საქართველოს ყველა რეგიონიდან. მის მიერ გამოვლენილი და შესწავლილია საინტერესო ქიმიური შედგენილობის და ბიოლოგიური აქტიობის მქონე 29 ოჯახის 32 გვარის 72 სახეობა. მათგან გამოყოფილი და დახასიათებულია 348 ინდივიდი, სხვადასხვა კლასის ნაერთებიდან. დაადგინა, რომ უმრავლესობა (80%) მდიდარია ფლავონოიდებით, დაადასტურა მრავალი მათგანის პერსპექტიულობა, რის შედეგადაც ისინი გახდნენ ღრმა ქიმიური კვლევის ობიექტები მეცნიერთა მომავალი თაობისთვის, ხოლო ზოგიერთი მათგანი კი - სამკურნალო საშუალებათა ნედლეული.

1974 წელს ქ. ხარკოვის ფარმაცევტული ინსტიტუტის საკვალიფიკაციო საბჭოზე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემით “საქართველოში მოზარდი ასტრაგალუსის ზოგიერთი სახეობის ფლავონოიდები”. სწორედ ამ ნაშრომზე მუშაობისას მიაქცია ყურადღება მედიცინაში ასტრაგალუსის ერთ-ერთი სახეობის გამოყენების შესაძლებლობას. კერძოდ იმას, რომ ნამგალნაყოფა ასტრაგალის ფოთლებსა და ყვავილებში ფლავონოიდების შემცველობა 4 პროცენტამდე, ხოლო მასში ფლავონოიდური გლიკოზიდი რობინინი 3 პროცენტამდეა.

ქ-ნი მერის მიერ თანაავტორებთან რობინინის საფუძველზე შეიქმნა პრეპარატი „ფლარონინი“, რომელიც 1985 წელს სსრკ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ნებადართული იქნა სამედიცინო მოხმარებისათვის, როგორც ჰიპოაზოტემიური და დიურეზული საშუალება, თირკმელთა I და II ხარისხის უკმარისობის სამკურნალოდ აზოტემიით დაავადებულ ავადმყოფებში. პრეპარატი ჩანერგილია წარმოებაში.
ქალბატონი მერის მეცნიერულმა მოღვაწეობამ ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში საფუძველი ჩაუყარა ახალ მიმართულებას - ციკლოარტანული ნაერთების კვლევას.
გარდა პრეპარატ “ფლარონინი”-სა ქ-ნი მერის უშუალო მონაწილეობით აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძის ხელმძღვანელობით ფენოლური ნაერთების ლაბორატორიაში შემუშავებულია სამედიცინო პრაქტიკაში ჩანერგილი სამკურნალო საშუალებები:
თავის ტვინსა და კიდურებში სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი სამკურნალო პრეპარატი „გინკგო-ბათი“ - საქართველოში ინტროდუცირებული Gინკგო ბილობა - ს ფოთლებიდან;
 ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი „სატურინი“ - საქართველოში გავრცელებული ბაღის ქონდარის მიწისზედა ნაწილებიდან;
ჰიპოაზოტემიური მოქმედების პარასამკურნალო საშუალება აჭარაში გავრცელებული Pუერარია ჰირსუტა-ს ექსტრაქტულ ნივთიერებათა ჯამიდან.
1990 წელს კი ქ. ხარკოვის სამკურნალო საშუალებათა ქიმიისა და ტექნოლოგიის საკავშირო-სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „საქართველოს ფლორის ასტრაგალუსის ფლავო-ნოიდები და ციკლოარტანები“.

2005 წლიდან დღემდე ქ-ნი მერი ხელმძღვანელობს ფენოლური შენაერთების ლაბორატორიას. 2016 წლის დეკემბერში კონკურსით არჩეული იქნა ფიტოქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად.

მისი უშუალო ხელმძღვანელობით მომზადდა 5 საკანდიდატო დისერტაცია, რომელთაგან 3 წარმატებით იქნა დაცული, ხოლო 2 დისერტაცია მომზადებულია საჯარო დაცვისათვის.

ქ-ნი მერი სამეცნიეროსთან ერთად პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა. 2006 წლიდან დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის ფარმაციის დეპარტამენტში მიწვეული პროფესორის სტატუსით კითხულობს ლექციების კურსს ფარმაცევტულ ქიმიაში.

პროფ. მ. ალანიას მეცნიერული მოღვაწეობის შედეგები ასახულია 270 სამეცნიერო ნაშრომში, თეზისსა და მოხსენებაში საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებზე, კონგრესებსა და სიმპოზიუმებზე. იყო საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საორგანიზაციო და სამეცნიერო კომიტეტის წევრი, ხელმძღვანელობდა სექციის მუშაობას სხვადასხვა სამეცნიერო ფორუმში. გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია და ლაბორატორიულ სამუშაოთა კრებული ფარმაცევტულ ქიმიაში. პრაქტიკული მნიშვნელობის შედეგები დაცულია საავტორო მოწმობებითა და პატენტებით.

წლების განმავლობაში იყო ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭოს წევრი. არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი, საქართველოს მეცნიერთა და ახალგაზრდა ფარმაცევტთა და საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციების წევრი.

2004 წელს მიენიჭა (თანაავტორებთან ერთად) სახელმწიფო პრემია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში. მეცნიერებისა და საზოგადოებისათვის ღირებული მოღვაწეობისათვის სხვადასხვა დროს მიღებული ჰქონდა სახელმწიფო და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის ჯილდოები, გამომგონებლის მედალი.

მის პიროვნულ ღირსებებზე ბევრი რამ შეიძლება ითქვას. იგი უაღესად კეთილი, უზადო ადამიანური თვისებების მატარებელია; ყველგან, შინ თუ გარეთ, ზნეობის, ტრადიციის და ოჯახის კულტის დაცვის, სამშობლოს სიყვარულის იდეას ამკვიდრებს. მზად არის უანგაროდ გაუწოდოს დახმარების ხელი ყოველ გაჭირვებულს.