სიახლეები

იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში კიდევ ერთი ვარსკვლავი გაიხსნა
იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში კიდევ ერთი ვარსკვლავი გაიხსნა


2016 წლის 9 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ეზოში პატივი მიაგეს ღვაწლმოსილი მეცნიერის, საქართველოს დამსახურებული აგრონომის - ალექსი ჯორბენაძის ხსოვნას. ფარმაციის ხეივანში გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.


ამაგდარი მეცნიერის შესახებ ისაუბრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნანა გორგასლიძემ. მან აღნიშნა, რომ 2016 წელს, 4 დეკემბერს ცნობილ აგრონომს, ალექსი ჯორბენაძეს, დაბადებიდან 112 წელი შეუსრულდა. მის სახელს უკავშირდება ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ეზოში 22 ჰექტარზე გაშენებული სამკურნალო მცენარეთა გაშენება, ასევე, სამკურნალო მცენარეთა შირაქის საცდელი სადგურის დაარსება, სადაც დღემდე მიმდინარეობს ბუნებრივად შეზღუდული რესურსების მქონე საკვლევი მცენარეების ინტროდუქცია და კულტივირება,  მცენარეთა ბიოლოგიური თავისებურებების შესწავლა, ზრდა-განვითარების ფენოლოგია, ბიომეტრია...


ალექსი ჯორბენაძეს 1969 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული აგრონომის წოდება. მიღებული აქვს მიჩურინის ვერცხლის მედალი, ოთხჯერ მონაწილეობდა მოსკოვის საკავშირო გამოფენებში. გამოქვეყნებული აქვს 32 სამეცნიერო ნაშრომი, ერთი სახელმძღვანელო, რომლითაც სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში (ახლანდელი აგრარული უნივერსიტეტი)  ასწავლიდნენ სტუდენტებს.


ალექსი ჯორბენაძე გაიხსენა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის უხუცესმა თანამშრომელმა, აკადემიკოსმა ეთერ ქემერტელიძემ. მან ისაუბრა მის პიროვნებასა და დაუღალავ სამეცნიერო მოღვაწეობაზე.


ალექსი ჯორბენაძის სამედიცინო სფეროსთვის გაწეული ღვაწლი შეაფასა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა.


ვარსკვლავის გახსნას ესწრებოდნენ ალექსი ჯორბენაძის შთამომავლები, მათ დიდი მადლიერებით აღნიშნეს ვარსკვლავის გახსნის ინიციატივა. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი ერთი ქალიშვილი, მანანა ჯორბენაძე, დღესაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტისფარმაცევტული ტექნოლოგიის მიმართულების თანამშრომლად მუშაობს.