პროდუქცია

კარიპაზიმი

კარიპაზიმი

კ ა რ ი პ ა ზ ი მ ი – მცენარეული წარმოშობის პროტეოლიზური ფერმენტების კომპლექსი, რომელიც ნესვის ხის (პაპაიას) უმწიფარი ნაყოფების რძე-წვენიდანაა მიღებული. პრეპარატის აქტიური კომპონენეტებია: პაპაინი, ქიმოპაპაინი A, ქიმოპაპაინი B, პეპტიდაზები A და B, აგრეთვე, მუკოლიზური ფერმენტი ლიზოციმი

რეგისტრაციის მოწმობარეგისტრაციის მოწმობა
პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

კ ა რ ი პ ა ზ ი მ ი (CARIPAZIM®)

 

 

სავაჭრო დასახელება:

კარიპაზიმი – Сaripazim

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მცენარეული წარმოშობის პროტეოლიზური საშუალება

წამლის ფორმა:

ლიოფილიზირებული ფხვნილი, გარეგანი გამოყენების ხსნარის მოსამზადებლად (ფლაკონი N1).

ფლაკონის შემადგენლობა:

აქტიური სუბსტანცია-პაპაიას გამშრალი რძე-წვენი.

მცენარეული წარმოშობის პროტეოლიზური ფერმენტების კომპლექსი, რომელიც ნესვის ხის (პაპაიას) უმწიფარი ნაყოფების რძე-წვენიდანაა მიღებული. პრეპარატის აქტიური კომპონენეტებია: პაპაინი, ქიმოპაპაინი A, ქიმოპაპაინი B, პეპტიდაზები A და B, აგრეთვე, მუკოლიზური ფერმენტი ლიზოციმი. 

Latex exsicco Papayaeae (ფს #ა/ს1/რს-529-0415)  - 350 პე აქტივობა                       

აღწერა:

თეთრი-მოყვითალო ფერის ლიოფილიზირებული ფხვნილი ან ფოროვანი მასა, სუსტი სპეციფიკური სუნით.

ათქ-კოდი: [D03B]

ფარმაკოლოგიური თვისებები:

გარეგანი პროტეოლიზური საშუალება. პრეპარატი შლის დანეკროზებულ ქსოვილებს და ბლანტ სეკრეტებს, ექსუდატებსა და სისხლის კოლტებს ათხიერებს. მოქმედებით ჰგავს ქიმოტრიპსინს და ტრიპსინს.

ფარმაკოკინეტიკა:

გარეგანი გამოყენებისას პრეპარატი არ შეიწოვება და არ გააჩნია ორგანიზმზე სისტემური ზეგავლენა. კარიპაზიმში შემავალი ფერმენტები იშლებიან და მთლიანად ბიოტრანსფორმირდებიან ღვიძლში

გამოყენების ჩვენებები:

ქირურგიაში - III ხარისხის  დამწვრობები, ფუფხის  მოცილების  დასაჩქარებლად და ჭრილობებში გრანულაციური ქსოვილის გასასუფთავებლად ჩირქოვან-ნეკროზული ნარჩენებისაგან;

ნევროლოგიაში - ხერხემლის ოსტეოქონდროზი, როგორიცაა მალთაშუა ხრტილების (დისკოების) თიაქრები  და დისკოგენური რადიკულიტები, შმორლის თიაქარი, აგრეთვე თითების პოსტტრავმატული კონტრაქტურები, სხვადასხვა წარმოშობის კელოიდური ნაწიბურები, მსხვილი სახსრების ართროზო-ართრიტები, მხრისა და ბეჭის პერიართრიტი, ცერებრული (მათ შორის ოპტოხიაზმური) და სპინალური არაქნოიდიტები, სახის ნერვის ნევრიტი.

სტომატოლოგიაში - ქრონიკული პერიოდონტიტები, პულპიტები, გინგივიტები, პაროდონტოზები, აფთოზური და წყლულოვან-ნეკროზული სტომატიტები.

 

გამოყენების წესი და დოზები:

დამწვრობებზე და ინფიცირებულ ჭრილობებზე კარიპაზიმს იყენებენ ხსნარების სახით, კონცენტრაციით 17,5 პე/მლ, 35 პე/მლ და 70 პე/მლ ფუფხის სისქის შესაბამისად. ხსნარები მზადდება ხმარების წინ, 0,5 % ნოვოკაინის ან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარებზე. პრეპარატის ხსნარით გაჟღენთილ საფენს ადებენ დამწვრობის ზედაპირზე და ტენგაუმტარ ნახვევს აფარებენ. ერთდროულად სხეულის ზედაპირის არა უმეტეს 30 % ამუშავებენ. ნახვევს უცვლიან ორ დღეში ერთხელ ან დღე-ღამეში, ამასთან აშორებენ დანეკროზებულ ქსოვილებს. მკურნალობის კურსი 4 - 12 დღე.

საყრდენ - მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიის, კელოიდური ნაწიბურების, ნევრიტების და .. დროს კარიპაზიმი ელექტროფორეზული მეთოდით * შეჰყავთ.

სტომატოლოგიაში - ქრონიკული პულპიტების შემთხვევაში კბილების ფესვის არხი კარიპაზიმის ხსნარით ირეცხება, რისთვისაც 1 ფლაკონის შიგთავსი 5-10 მლ გამოხდილ წყალში ან ფიზიოლოგიურ ხსნარში იხსნება; ქრონიკული პერიოდონტიტების შემთხვევაში აწარმოებენ ფესვების არხების გამორეცხვას და შიდაარხულ ელექტროფორეზს (3-5 სეანსი) კარიპაზიმის 35 პე/მლ – 70 პე/მლ ხსნარით. არხში ტოვებენ ამავე ხსნარით გაჟღენთილ ტამპონს 3-4 დღით; გინგივიტების, პაროდონტიტების, აფთოზური სტომატიტების, ტრავმატული ეროზიების და წყლულების შემთხვევებში აკეთებენ ადგილობრივ აპლიკაციას 15-20 წუთის განმავლობაში (4-10 პროცედურა).

პრეპარატის გამოყენება დასაშვებია როგორც სტაციონარულ, ისე ამბულატორიულ პირობებში.

გვერდითი მოვლენები და სიფრთხილის ზომები:

შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, რომელიც ქავილითა და სხეულის ტემპერატურის მატებით გამოიხატება; ატარებენ ანტიჰისტამინურ თერაპიას.

უკუჩვენებები:

პრეპარატის მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა; ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი; დაუშვებელია კარიპაზიმის კანქვეშ, კუნთებში ან ვენაში შეყვანა; არ შეიძლება კარიპაზიმის გამოყენება მწვავე ანთების პირობებში, აგრეთვე დისკოს თიაქარის სეკვესტრაციისა და ხერხემლის არხისკენ სეკვესტრის გადაადგილების შემთხვევაში (ფორამენალური მდებარეობა).

დოზის გადაჭარბება:

არ არის გამოვლენილი.

ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

კლინიკური მნიშვნელობის ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის დადგენილი.

განსაკუთრებული მითითებები:

მოარიდეთ ბავშვებს;

პრეპარატი არ ახდენს ნეგატიურ გავლენას ავტომანქანის ტარების უნარზე, მექანიზმებთან მუშაობაზე; მკურნალობის პერიოდში თამბაქოსა და ალკოჰოლის გავლენა პრეპარატის მოქმედებაზე არ არის დადგენილი.

შენახვის პირობები:

მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას +2°C -დან +8°C -მდე ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა:

2 წელი. პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ და ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტის შემთხვევაში.

დანართი:

კარიპაზიმის გამოყენება ელექტროფორეზული მეთოდით

ელექტროფორეზული მეთოდით კარიპაზიმი მხოლოდ დადებითი პოლუსიდან შეჰყავთ.

  • კარიპაზიმის ელექტროფორეზი ხერხემლის არეში ოსტეოქონდროზის და დისკოგენური რადიკულიტის შემთხვევებში:

მკურნალობა საკურსოა - 3 კურსი (1 კურსი 20-30 პროცედურა). დასაშვებია 1-2 დღიანი შესვენება პროცედურებს შორის. განმეორებითი კურსები 30-60 დღის შემდეგ.

უშუალოდ პროცედურის წინ კარიპაზიმის ფლაკონში შეაქვთ 5-10 მლ ფიზიოლოგიური ხსნარი და 1-2 წვეთი დიმექსიდი. მიღებული ხსნარით ასველებენ ელექტროდის საფენებზე მოთავსებულ ფილტრის ქაღალდს, საფენის ზომებია: 10 სმ x 15 სმ ან 15 სმ x 20 სმ.

საფენების განლაგების ვარიანტები:

გასწვრივად:

ა) კარიპაზიმი კისრის არეში (+)

ეუფილინი წელის არეში(-)

ბ) კარიპაზიმი კისრის არეში (+)

ეუფილინი მხარის არეში (-)

გ) კარიპაზიმი კისრის არეში (+)

ეუფილინი ორივე მხარზე ორკაპა ელექტროდით (-)

დ) კარიპაზიმი წელის არეში (+)

ეუფილინი საჯდომი ნერვის გამოსვლის წერტილში (-)

(ბარძაყის უკანა ზედაპირი)

ე) კარიპაზიმი წელის არეში (+)

ეუფილინი ბარძაყების არეში ორკაპა ელექტროდით (-)

განივად:

ვ) კარიპაზიმი წელის არეში (+)

ეუფილინი მუცლის არეში (-).

საფენების ტემპერატურა 37-39°C (წყლის თერმომეტრით მოწმდება). დენის ძალა 10-15 მილიამპერი (თანდათანობით უნდა გაიზარდოს).

ექსპოზიციის დრო 10-დან 20 წთ-მდე (თანდათანობით უნდა გაიზარდოს).

მოცემული პარამეტრების დაცვა აუცილებელია; წინააღმდეგ შემთხვევაში პრეპარატის ეფექტურობა მკვეთრად მცირდება.                                                                              

პროცედურის  შემდეგ წამლის შეყვანის ადგილზე კანი თბილი საპნიანი წყლით უნდა ჩამოირეცხოს.

შესაძლებელია კარიპაზიმისა და ლითიუმის ქლორიდის (3%-იანი ხსნარი) ერთდროული შეყვანაც ელექტროფორეზით. ამ ვარიანტში წამლებს ერთსა და იმავე საფენებზე ათავსებენ, მაგრამ პრეპარატებით ცალ-ცალკე უნდა იქნეს გაჟღენთილი ფილტრის ქაღალდები. შეყვანის პირობები იგივეა, მაგრამ ლითიუმის გამოყენება ვოლტარენით მკურნალობის პირობებში არ შეიძლება.

  • კარიპაზიმის ელექტროფორეზი კელოიდური ნაწიბურების არეში:

ა)კარიპაზიმი უშუალოდ ნაწიბურებზე (+)

 ეუფილინი ან კალიუმის იოდიდი საწინააღმდეგო ზედაპირზე ე.ი. განივად (-);

ბ)კარიპაზიმი უშუალოდ ნაწიბურებზე (+)

ეუფილინი - გასწვრივად პირველი საფენიდან 15-20 სმ მოშორებით (-).

  • კარიპაზიმის ელექტროფორეზი სახის ნევრიტების ზოგიერთი ფორმის დროს:

   დენის ძალა 1-დან 5 მილიამპერამდე.

   კარიპაზიმი სახეზე ბერგანიეს ნახევარნიღაბის სახით (+)

   ეუფილინი ბეჭთაშუა არეში ან საპირისპირო მხარზე (-).

  • კარიპაზიმის ელექტროფორეზი თავის ტვინის არაქნოიდიტის (მათ შორის ოპტოხიზმალურის) სამკურნალოდ:

კარიპაზიმი ენდონაზალურად  (+)

ეუფილინი ხერხემალზე გულმკერდის ზემო განყოფილებაში (-).  

გაცემის რეჟიმი:

ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი ქვეყანა და კომპანია:

სსიპ თსსუ იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი

მის.: საქართველო, თბილისი 0159, პ. სარაჯიშვილის ქ. #36

ტელ.: 253-14-94, 252-19-04; ფაქსი: 252-00-23

ელ-ფოსტა: tsmu-ikip@.net;  ვებ-გვერდი: http://ikip.tsmu.edu/