ჩვენ შესახებ

ჩვენს შესახებ
ჩვენს შესახებ
ჩვენს შესახებ

ქართულ მეცნიერულ ფარმაციას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიურ-ფარმაცევტული განყოფილების დაარსებით, 1919 წლის შემოდგომაზე ჩაეყარა საფუძველი, როდესაც ივანე ჯავახიშვილის მოწვევით საქართველოში პროფესორი იოველ ქუთათელაძე ფარმაკოგნოზიის კათედრის გამგედ დაბრუნდა. მან პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად ფართო მეცნიერული მოღვაწეობა გაშალა და კვლევები ისეთ დონეზე აიყვანა, რომ დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების შექმნა გახდა შესაძლებელი.

1932 წლის 5 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის წიაღში ფარმაკოქიმიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი დაარსდა, რომელსაც სათავეში პროფესორი ი. ქუთათელაძე ჩაუდგა.  

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს დადგენილებით, იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულია.

ინსტიტუტში კვლევების განხორციელება თსსუ-ის მისიის მნიშვნელოვანი ასპექტია და მიზნად ისახავს:

- ხარისხსა და შედეგებზე ორიენტირებული კვლევების უზრუნველყოფას;

- სამეცნიერო კვლევების მრავალფეროვნების უზრუნველყოფას;

- პროფილური კვლევების გაღრმავებას მომიჯნავე მეცნიერებებთან და მის ინტეგრირებას;

- საგანზე ორიენტირებულ და ინტერდისციპლინური კვლევების განვითარებას;

- საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისთვის სათანადო ბაზის შექმნას;

- სტუდენტების სამეცნიერო საქმიანობის მოტივირებას.

ინსტიტუტის საქმიანობა განუყოფელია თსსუ-ის სტრატეგიული განვითარების გეგმისაგან და ინტეგრირებულია სასწავლო პროცესში, სტუდენტები ადრეული ეტაპიდან იწყებენ სამეცნიერო უნარ-ჩვევების დაუფლებას.

ინსტიტუტის ამოცანებია:      

- განახორციელოს ფუნდამენტალური, გამოყენებითი და განვითარებაზე ორიენტირებული კვლევები საქართველოს ბუნებრივი რესურსებიდან ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა გამოვლენაში;

- დაადგინოს გამოვლენილ ნივთიერებათა ქიმიური ბუნება და მათგან მიიღოს სინთეზური და ქიმიურად მოდიფიცირებული ნაერთები;

- მოახდინოს მიღებული ნაერთების ფარმაკოლოგიური ეფექტურობა შეფასება და წინაკლინიკური შესწავლა;

- შეიმიშაოს ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების წარმოების ტექნოლოგიები და ანალიზის მეთოდები.

- შეისწავლოს საქართველოში მოზარდი პერსპექტიული მცენარეების გავრცელების არეალები და რესურსები, მოახდინოს მათი ინტროდუქცია და კულტივირება.

- შექმნას ახალი სამკურნალო საშუალებები, კოსმეტიკური პროდუქტები,  ბიოლოგიურად აქტიური კვების დანამატები.

- აწარმოოს ნებადართული პრეპარატები, კოსმეტიკური პროდუქტები,  ბიოლოგიურად აქტიური კვების დანამატები და მოახდინოს მათი რეალიზაცია.

- მოამზადოს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრები ბუნებრივი რესურსების კვლევის(ების) დარგში.

თსსუ-ის ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი, თითქმის ცხრა ათეულწლიანი ისტორიით, ქვეყნის და რეგიონის ლიდერია ბუნებრივი რესურსების კვლევაში, რასაც მოწმობს არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო აღიარება.  განხორციელებული ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევებით შემუშავებულია სხვადასხვა დანიშნულების ორიგინალური პრეპარატი, კოსმეტიკური პროდუქტი, ქიმიური რეაქტივი, მცენარის ზრდა-განვითარების სტიმულატორი. არა ერთი კონკურენტუნარიანი პრეპარატი დარეგისტრირდა საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ.

ინსტიტუტი აერთიანებს 6 დეპარტამენტს 13 სამეცნიერო მიმართულებით და საწარმოო ექსპერიმენტულ ბაზას. სამეცნიერო საქმიანობას ეწევა 48 მეცნიერი თანამშრომელი, 12 დოქტორანტი და 11 ლაბორანტი.

ინსტიტუტი წარმატებულ სამეცნიერო თანამშრომლობას ეწევა უცხოეთის არაერთ წამყვან უნივერსიტეტთან და სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან: მარსელი, (საფრანგეთი), ინსბრუკი (ავსტრია), ჟენევა (შვეიცარია), ლიეჟი (ბელგია), სალერნო (იტალია), ათენი (საბერძნეთი), არიელი (ისრაელი), კვებეკი (კანადა), აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტი, სომხეთის სამეცნიერო ტექნოლოგიური ცენტრი, სადაც სტაჟირება გაიარა ინსტიტუტის ათეულობით თანამშრომელმა, დოქტორანტმა და მაგისტრმა. შესრულდა ერთობლივი სამეცნიერო პროექტები, სადისერტაციო ნაშრომები, რაც აისახა ერთობლივ გამოქვეყნებულ შრომებსა და სამეცნიერო კონფერენციებში.

ინსტიტუტში წარმატებით მიმდინარეობს დოქტორანტების, მაგისტრების და ბაკალავრების პროფესიული პრაქტიკული სწავლება და სტაჟირება. ახალგაზრდა მეცნიერებისათვის შეიქმნა სასწავლო და სამეცნიერო სივრცეები.

თსსუ-ის ი. ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი - სამეცნიერო პოტენციალით, მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, მუდმივად განახლებადი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, უმაღლესი კატეგორიის სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო დაწესებულებაა. აქ ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ წარმატებით განხორციელდეს ფუნდამენტალური, გამოყენებითი და დარგის განვითარებაზე ორიენტირებული კვლევები, მომზადდეს შესაბამისი კომპეტენციის და კვალიფიკაციის მქონე ახალგაზრდა სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ მომავალში მოსახლეობის უზრუნველყოფას - ეფექტიანი, უსაფრთხო, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამკურნალო საშუალებებით.