მიმდინარე წლის 24 მარტს, თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ეზოში ეთერ ქემერტელიძის სახელობის მედეას სამკურნალო მცენარეთა ბაღი გაიხსნა.
ეზოში შეიკრიბნენ თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის თანამშრომლები, საპატიო სტუმრები, ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტები.
ღონისძიება გახსნა თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ნანა გორგასლიძემ. მან აღნიშნა, რომ ქალბატონი ეთერ ქემერტელიძე დიდი თავდადებითა და პასუხისმგებლობით ემსახურება თავის პროფესიას. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული ფარმაციის განვითარებაში, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, რომ სამკურნალო მცენარეთა ბაღს მისი სახელი მინიჭებოდა. „ამ ბაღის გახსნის იდეა თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში მოსვლის დღიდან მქონდა. შემდეგ, როგორც გავარკვიე, ამ თემაზე ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს ბევრი ჰქონდა ნაფიქრი. მიხარია, რომ დღეს ჩვენ ვაკეთებთ საქმეს, რომლის ჩანაფიქრიც წლების წინ არსებობდა, მაგრამ მიზეზთა გამო ვერ განხორციელდა. საამაყოა, რომ თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ეზოში ვხსნით დამსახურებული მეცნიერის, აკადემიკოს ეთერ ქემერტელიძისს სახელობის მედეას სამკურნალო მცენარეთა ბაღს. აქ სხავდასხვა სამკურნალო მცენარე იქნება გაშენებული, რომელთა შესწავლა და ფარმაციაში გამოყენება მომავალი თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. ამასთანავე, ბაღს საგანმანათლებლო მნიშვნელობაც ექნება და მარტო სტუდენტებისთვის და მეცნიერ-თანამშრომლებისთვის კი არა, ზოგადად ქართული ფლორით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვისაც იქნება მიმზიდველი. ცნობილია 36 მცენარის დასახელება, რომელიც კოლხი მედეას ბაღში იზრდებოდა, მათგან ბევრი გადაშენებულია, მაგრამ რაც მათგან შემორჩა თანამედროვე ფლორას, აუცილებლად იხარებს ჩვენს ბაღშიც“, - თქვა ქალბატონმა ნანა გორგასლიძემ შეკრებილი სტუმრების წინაშე.
ახლადგაშენებულ ბაღს საქართველოს საპატრიარქომ განსაკუთრებული საჩუქარი გამოუგზავნა: სამკურნალო მცენარეების ნერგები, რის გამოც თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა განსაკუთრებული მადლობა გამოუცხადეს.
მედეას სამკურნალო მცენარეთა ბაღის გახსნას დიდი შეფასება მისცა საქართველოს საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორის მოადგილემ, მანანა ელბაქიძემ. მან განაცხადა, რომ მომავალში დიდი სიამოვნებით ითანამშრომლებენ თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტთან და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზეც დაფიქრდებიან.
აკადემიკოსმა ეთერ ქემერტელიძემ დიდი მადლიერება გამოხატა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ხელმძღვანელობის მისამართით. მან აღნიშნა, რომ მოხარულია, როცა ხედავს ასეთი მონდომებითა და რუდუნებით განხორციელებულ საინტერესო პროექტებს ინსტიტუტში. გაიხსენა დრო, როცა ბაღის ადგილზე კლდოვანი საფარი იყო მხოლოდ და ენთუზიაზმითა და საკუთარი მონდომებით მოიტანეს ნიადაგის საფარი, გააშენეს მცენარეები, რომელიც შემდეგ, რთულ წლებში, განადგურდა. „დღეს ბედნიერეი ვარ და იმედით ვუყურებ ხვალინდელ დღეს, ჩვენს სტუდენტებს, მეცნიერებს. მათი მოტივირება და მიზანდასახულობა რწმენას მმატებს რომ ქართულ ფარმაციას ნათელი მომავალი ექნება“, - აღნიშნა ქალბატონმა ეთერ ქემერტელიძემ. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ დღეს ქალბატონი ეთერი იუბილარი გახლდათ. მას 91 წელი შეუსრულდა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტები განსაკუთრებული სიხარულით დაესწრნენ ეთერ ქემერტელიძის სახელობის მედეას სამკურნალო მცენარეთა ბაღის გახსნას. ფარმაციის ფაკლულტეტის მეორე სემესტრის სტუდენტმა, სოფიო გოგოშვილმა ისტორიული უწოდა ამ ფაქტს და აღნიშნა, რომ ეს დღე სამუდამოდ ემახსოვრება.